სამინისტროს შესახებ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით სამინისტროს მიერ „პატიმრობის კოდექსში“ ინიცირებული ცვლილება, რომელიც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთების (ნაკეთობების) რეალიზაციას ითვალისწინებს, 2016 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის მხარადაჭერით დამტკიცდა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით, დამზადებული ნივთის რეალიზაცია განახორციელოს. გაყიდვიდან მიღებული თანხა პირდაპირ მის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. რეალიზაციის წესი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული, რომლის თანახმად, სამინისტრომ სპეციალური ვებგვერდი შექმნა.

ვებგვერდზე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნივთების, ასევე, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საამქროში დამზადებული პროდუქციის ვიზუალური მასალაა განთავსებული ფასის მითითებით. თითოეულ პროდუქციას თავისი უნიკალური კოდი აქვს. ნივთის ღირებულებას თავად ბრალდებული/მსჯავრდებული განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე, შეძენილ ნივთს პირი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიიღებს. დაწესებულებიდან სამინისტროში ადმინისტრაციულ შენობაში ნივთის ტრანსპორტირებას უწყება თავად უზრუნველყოფს. ამასთან, გასაყიდი ნივთები სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაშიც გამოიფინება და მისი შესყიდვა ადგილზეც იქნება შესაძლებელი. მსურველი ნივთს მისი უნიკალური კოდისა და საფასურის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტით მიიღებს.


ბეჭდვა ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google