VitrA მსჯავრდებულთა დასახმარებლად
„VitrA“ ბრენდის წარმომადგენელი კომპანია „ ბი ემ სი შარმი „ უერთდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახალ წამოწყებას და შოურუმის საბავშვო კუთხისთვის პროდუქციას მსჯავრდებულებისაგან ყიდულობს.

2016 წლის ივლისიდან ინტერნეტში ახალი ონლაინ მაღაზია ფუნქციონირებს, რომელიც ,„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, მოახდინონ მათ მიერ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების რეალიზაცია.

ვებგვერდზე https://online.moc.gov.ge პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნივთების, ასევე, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საამქროში დამზადებული პროდუქციის ვიზუალური მასალაა განთავსებული ფასის მითითებით. თითოეულ პროდუქციას თავისი უნიკალური კოდი აქვს. ნივთის ღირებულებას თავად ბრალდებული/მსჯავრდებული განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე, შეძენილ ნივთს პირი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიიღებს. დაწესებულებიდან სამინისტროში ადმინისტრაციულ შენობაში ნივთის ტრანსპორტირებას კი უწყება თავად უზრუნველყოფს.

როგორც სოციალური საწარმოს მენეჯერი, ნიკოლოზ ხარებავა აცხადებს, ხის საამქროში დასაქმებულ ბენეფიციარებს ფიქსირებული ხელფასი აქვთ, რომელიც 312 ლარს შეადგენს.
„ამ ეტაპზე საამქროში 4 მსჯავრდებულია დასაქმებული და მათი შემოსავალი არაა დამოკიდებული გაყიდული პროდუქციის რაოდენობაზე. საწარმოში დასაქმებული ბენეფიციარი ანაზღაურებასთან ერთად გადის ერთგვარ რეაბილიტაციის კურსს. პროექტი კი ხელს უწყობს მათ შეიძინონ პროფესია და ახდნენ კონკურენტუნარიანები“ , - აცხადებს ნიკოლოზ ხარებავა.
„VitrA“ ბრენდის წარმომადგენელი კომპანია „ ბი ემ სი შარმი„, აქტიურად თანამშრომლობს ონლაინ მაღაზიასთან. კომპანიის წარმომადგენლის, ელენე ნიკოლაიშვილის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთები მაღალი ხარისხისაა და მათ შეძენას მომავალშიც აპირებენ.

„მაშინ, როდესაც კომპანიაში გადავწყვიტეთ, რომ სპეციალური კუთხე უნდა განთავსებულიყო ბავშვებისთვის, პირველი, რაც გამახსენდა, სწორედ ის მაღაზია იყო, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. დავუკავშირდით მაღაზიას და შევიძინეთ ყველაფერი, რაც საბავშვო კუთხის მოსაწყობად გვჭირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქცია ძალიან მაღალი ხარისხისაა და, რაც მთავარია, ის ეკოლოგიურად სუფთაა, რაც ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“, - აცხადებს „VitrA“ ბრენდის წარმომადგენელი ელენე ნიკოლაიშვილი.

მისივე თქმით, ერთ–ერთი, რაც ამ საქმეში მნიშვნელოვანია, ესაა პროექტის პოპულარიზაცია და მისი მიტანა უფრო მეტ მოქალაქე/კომპანიამდე .

„უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი უდავოდ ძალიან კარგი წამოწყებაა. ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, რადგან თითოეული გაყიდული ნივთით ჩვენ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებსა და მათ ოჯახებს ვეხმარებით“, - აცხადებს ელენე ნიკოლაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის მხარადაჭერით დამტკიცდა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით, დამზადებული ნივთის რეალიზაცია განახორციელოს.

ბეჭდვა ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« აპრილი  »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123